среда, 5 ноября 2014 г.

სურამის ციხე

კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, ქართლში, ხაშურის რაიონში, დაბა სურამის სამხრეთ ნაწილში, კლდოვან გორაკზე.
        ციხე აგებულია XII-XIII საუკუნეებში, სურამელთა საერისთავოს დაფუძნებასთან დაკავშირებით. კაპიტალურად შეკეთდა XVI საუკუნის II ნახევარში.
        ისტორიულ წყაროებში, როგორც სტრატეგიული პუნქტი, სურამის ციხე მოხსენიებულია 1625 წელს, როდესაც იგი გიორგი სააკაძემ გაამაგრა ირანელთაგან თავის დასაცავად. 1692 წელს სურამის ციხე თურქების ხელშია; მათი განდევნის შემდეგ, უმეფობის ხანაში, სურამის ციხე ძირითად დასაყრდენს წარმოადგენდა ირანის წინააღმდეგ მებრძოლებისათვის. 1742-45 წლებში ირანელთა წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში სურამის ციხე ზემო ქართლის სადროშოს უფროსის გივი ამილახვრის ძირითადი დასაყრდენი გახდა. პოლიტიკური სიტუაციის შეცვლასთან დაკავშირებით აჯანყებულები თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის მოწინააღმდეგეთა ბანაკში აღმოჩნდნენ, რომელთაც ნადირ-შაჰი უჭერდა მხარს. მეფეებმა, მიუხედავათ იმისა, რომ რომ მათ ზურგს ირანი უმაგრებდა, სურამის ციხის აღება ვერ შეძლეს. არ გაჭრა არც თვით თეიმურაზის მოლაპარაკებამ, არც შაჰის პატიების ფირმანმა და არც ციხისათვის ყუმბარების დაშენამ.
შაჰი იმდენად განუცვიფრებია ამას, რომ მხატვარი გამოუგზავნია ციხის დასახატად. როდესაც ციხის სურათი მოუტანეს, შემოუთვლია: ციხეს ისეთი გალავანი შემოავლეთ, რომ ყოველგვარი მოძრაობა შეწყდეს და ალყა არ მოხსნათ, ვიდრე თვითონ არ შემოგვეხვეწებიანო. შემდეგ ციხე მალულად ორჯერ ააფეთქეს და კედლის დიდი ნაწილი ჩამოანგრიეს. მიუხედავად იმისა, რომ კარი თითქმის შემტვრეული იყო, ამილახვარი მაინც არ ნებდებოდა და ახლა დედოფლის მისვლას მოითხოვდა: მხოლოდ მას ვენდობიო. დედოფალ თამარის მისვლის შემდეგ მიუციათ მეფეებს უვნებლობის ფიცი. ეს ფაქტი ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ როგორ ძლიერ სიმაგრეს წარმოადგენდა სურამის ციხე XVIII საუკუნეში. ნადირ-შაჰი ამილახვარს ბოლომდე მაინც არ ენდობოდა და მისი ბრძანებით სურამის ციხე დაუნგრევიათ. მაგრამ სურამის ციხე ქართველებს მალე აღუდგენიათ და 1756 წელს აქ ერეკლე II-ეს ქიზიყის მოურავი თამაზი ჰყავდა დატყვევებული. სურამის ციხე ქართველთა მფლობელობაში 1783 წლამდე იყო. შემდეგ აქ რუსული გარნიზონი ჩააყენეს. 1792 წელს ერეკლე II-ის `ანდერძში~ სურამის ციხე საქართველოს უმაღლეს ციხეთა შორის არის მოხსენიებული. 1801 წლის წყაროებით ციხე ისევ მოქმედია. XIX საუკუნეში მან საქართველოს სხვა ციხეებთან ერთად თანდათან დაკარგა მნიშვნელობა.

დმანისის ნაქალაქარი

        დმანისის მუზეუმ-ნაკრძალში წარმოდგენილია: შუა საუკუნეების ნაქალაქარი, გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის არქეოლოგიური ფენები და დმანისის ადრეპალეოლითური ძეგლი.
        დმანისის არქეოლოგიური შესწავლა 1936 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. 1999 და 2001 წელს დმანისის რეგიონში გათხრების შედეგად ნაპოვნი იქნა ჰომინიდთაუძველესი ადამიანების თავის ქალები და ყბის ძვლები, რომელსაც მოგვიანებით ჰომო გეორგიკუს შეარქვეს. დღესდღეობით უკვე ხუთი თავის ქალაა აღმოჩენილი. მსოფლიოს არცერთ ძეგლზე ჰომინიდის ამდენი ნაშთი ერთად არ აღმოჩენილა. მათი თავის ქალები და ქვედა ყბა შემდეგში რეკონსტრუირებული იქნა და ჩვენ მათ ზეზვასა და მზიას სახელით ვიცნობთ. ისინი თბილისის ოკუპაციის მუზეუმშია დაცული. ამერიკული ჟურნალის შიენცე-ის მიერ დასახელებულ 2000 წლის ათ საუკეთესო მეცნიერულ მიღწევათა შორის მსოფლიოში მეცნიერების ყველა დარგში დმანისური აღმოჩენა პირველ სამეულში მოხვდა.

        შუა საუკუნეების ნაქალაქარი შიდა ციხეს, ქალაქის საერო და საკულტო ნაგებობებს, საიდუმლო გვირაბს და გარეუბნის ნაგებობებს მოიცავს. საკულტო ნაგებობებიდან აღსანიშნავია VI -ის დმანისის სიონი, XIII -ის ორნამენტებითა და წარწერებით შემკული უნიკალური კარიბჭით. ამ პერიოდში მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან აღმართულ კონცხზე გაშენებული დმანისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალაქი იყო. იგი სავაჭრო გზაჯვარედინზე მდებარეობდა. აქ შემოდიოდნენ მთავარი საქარავნო გზები აღმოსავლეთიდან, წინა აზიიდან და დასავლეთიდანევროპიდან.