უფლისციხის შესახებ ცნობები წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნიდან გვხვდება. საყურადღებოა ვახუშტი ბაგრატიონის ცნობაც.
უფლისციხისა და მისი გარეუბნების მეურნეობაზე გარკვეულ წარმოდგენას გვაძლევს არქეოლოგიურ გათხრებით გამოვლენილი აგრარული კულტების სალოცავი, კლდეში ნაკვეთი საწნახლები, ვაზის სასხლავი დანები, რკინის სახნისი, კევრები, რიტუალური დანიშნულების ნივთები, ოქროს, ვერცხლის, რკინის, ძვლის, ქვის, თიხის სამკაულები, ქანდაკებები და სხვა ხელოსნური ნაწარმის სიმრავლე, მრავალფეროვნება და სინატიფე უფლისციხეს უძველესი დროის ხელოსნური წარმოების მნიშვნელოვან ცენტრად წარმოადგენს.
ძვ. წ. II და I ათასწლეულების მიჯნაზე უფლისციხეს მიდამოების არსებული გამოქვაბულები ერთ-ერთ ძლიერ თემს გამოუყენებია საცხოვრებლად, გაუმართვს და სამოსახლოც სათანადოდ გაუმაგრებია.
ადრინდელ რკინის ხანაში უფლისციხე შიდა ქართლის გაბატონებული თემის საცხოვრისი და სატომო გაერთიანების ბელადის (უფლის) ციხეა. როგორც ჩანს, სწორედ ამ დროს შეერქვა მას უფლისციხე ანუ ბელადის ციხე-ქალაქი.
უფლისციხის თემს თანდათან დაუმორჩილებია ირგვლივ მდებარე დაბების მოსახლეობა. ძვ. წ. VI-V სს. უფლისციხე შიდა ქართლის ერთ-ერთი უძლიერესი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი და დიდხანს სამეფო ქალაქიც იყო.
ძვ. წ. II-I სს. უფლისციხე ტიპიური ელინისტური ქალაქია, თავისი ციტადელით, ქალაქითა და სასოფლო-სამეურნეო გარეუბნით, მეურნეობით, სოციალური იერით, აღებ-მიცემობით, ხელოსნური წარმოებით და ა.შ. იგი საკმაოდ დიდი რეგიონის სამეურნეო ცხოვრების ცენტრია და ფართოდაა ჩაბმული საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკურ ცხოვრებაში.
ახ. წ. I-III სს. კვლავაც მნიშვნელოვანი საქალაქო და სამხედრო-სტრატეგიული ცენტრია, ამავე დროს წარმართული საკულტო ადგილიც.
საქართველოში ქრიატიანული რელიგიის სახელფწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ უფლისციხეში საქალაქო ცხოვრება დაქვეითდა, მაგრამ ფეოდალურ ხანაში იგი მაინც დარჩა უძლიერეს ციხე-სიმაგრედ. VIII საუკუნიდან უფლისციხე ქართლის ქალაქებს შორის პირველობდა და საქართველოს არაბებისგან გათავისუფლებისა და გაერთიანებისათვის ბრძოლის ერთ-ერთი უმთავრესი ფორპოსტი იყო.
IX-X საუკუნეებში ციხე-ქალაქი ხელიდან ხელში გადადიოდა. აქ გაბატონებისათვის ერთმანეთს ებრძოდნენ ქართველი ბაგრატიონები, კახეთის მთავრები და სომხეთის მეფეები. ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების შემდეგ უფლისციხემ თანდათან დაკარგა მნიშვნელობა. მონღოლთა შემოსევების პერიოდში იგი ძლიერ დაზიანდა. XV საუკუნეში კი უფლისციხე საბოლოოდ დაეცა, ხოლო გვიანდელ ფეოდალურ ხანაში საბოლოოდ დაიცალა მოსახლეობისაგან. შემდეგ უფლისციხეს თავს აფარებდა მტრისაგან აწიოკებული ახლო სოფლების მოსახლეობა.
Комментариев нет:
Отправить комментарий