კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, ქართლში, ხაშურის რაიონში, დაბა სურამის სამხრეთ ნაწილში, კლდოვან გორაკზე.
ციხე აგებულია XII-XIII საუკუნეებში, სურამელთა საერისთავოს დაფუძნებასთან დაკავშირებით. კაპიტალურად შეკეთდა XVI საუკუნის II ნახევარში.
ისტორიულ წყაროებში, როგორც სტრატეგიული პუნქტი, სურამის ციხე მოხსენიებულია 1625 წელს, როდესაც იგი გიორგი სააკაძემ გაამაგრა ირანელთაგან თავის დასაცავად. 1692 წელს სურამის ციხე თურქების ხელშია; მათი განდევნის შემდეგ, უმეფობის ხანაში, სურამის ციხე ძირითად დასაყრდენს წარმოადგენდა ირანის წინააღმდეგ მებრძოლებისათვის.
1742-45 წლებში ირანელთა წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში სურამის ციხე ზემო ქართლის სადროშოს უფროსის გივი ამილახვრის ძირითადი დასაყრდენი გახდა. პოლიტიკური სიტუაციის შეცვლასთან დაკავშირებით აჯანყებულები თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის მოწინააღმდეგეთა ბანაკში აღმოჩნდნენ, რომელთაც ნადირ-შაჰი უჭერდა მხარს. მეფეებმა, მიუხედავათ იმისა, რომ რომ მათ ზურგს ირანი უმაგრებდა, სურამის ციხის აღება ვერ შეძლეს. არ გაჭრა არც თვით თეიმურაზის მოლაპარაკებამ, არც შაჰის პატიების ფირმანმა და არც ციხისათვის ყუმბარების დაშენამ.
შაჰი იმდენად განუცვიფრებია ამას, რომ მხატვარი გამოუგზავნია ციხის დასახატად. როდესაც ციხის სურათი მოუტანეს, შემოუთვლია: ციხეს ისეთი გალავანი შემოავლეთ, რომ ყოველგვარი მოძრაობა შეწყდეს და ალყა არ მოხსნათ, ვიდრე თვითონ არ შემოგვეხვეწებიანო. შემდეგ ციხე მალულად ორჯერ ააფეთქეს და კედლის დიდი ნაწილი ჩამოანგრიეს. მიუხედავად იმისა, რომ კარი თითქმის შემტვრეული იყო, ამილახვარი მაინც არ ნებდებოდა და ახლა დედოფლის მისვლას მოითხოვდა: მხოლოდ მას ვენდობიო. დედოფალ თამარის მისვლის შემდეგ მიუციათ მეფეებს უვნებლობის ფიცი. ეს ფაქტი ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ როგორ ძლიერ სიმაგრეს წარმოადგენდა სურამის ციხე XVIII საუკუნეში. ნადირ-შაჰი ამილახვარს ბოლომდე მაინც არ ენდობოდა და მისი ბრძანებით სურამის ციხე დაუნგრევიათ. მაგრამ სურამის ციხე ქართველებს მალე აღუდგენიათ და 1756 წელს აქ ერეკლე II-ეს ქიზიყის მოურავი თამაზი ჰყავდა დატყვევებული. სურამის ციხე ქართველთა მფლობელობაში 1783 წლამდე იყო. შემდეგ აქ რუსული გარნიზონი ჩააყენეს. 1792 წელს ერეკლე II-ის `ანდერძში~ სურამის ციხე საქართველოს უმაღლეს ციხეთა შორის არის მოხსენიებული. 1801 წლის წყაროებით ციხე ისევ მოქმედია. XIX საუკუნეში მან საქართველოს სხვა ციხეებთან ერთად თანდათან დაკარგა მნიშვნელობა.
Комментариев нет:
Отправить комментарий