ქართლი — მხარე აღმოსავლეთ საქართველოში. სახელწოდება მომდინარეობს იმ მთისაგან, სადაც ლეონტი მროველის ცნობით დაემკვიდრა ქართველთა ლეგენდარული ეთნარქი — ქართლოსი. მთა „ქართლი“ იქცა ქალაქ „ქართლად“ (მოიცავდა მცხეთას და წიწამურს), შემდეგ შეიქმნა „დიდი ქართლი“, აქედან კი სახელწოდება მთელ მხარეზე გავრცელდა.
ეთნიკურ-გეოგრაფიულად ელინისტური ხანიდან მოყოლებული ქართლი ორ ნაწილად იყოფოდა: ზენა სოფელი და ქვენა სოფელი. სავარაუდოდ ამ ერთეულთა შორის მიჯნა მტკვარზე გადიოდა. მოგვიანებით, ისტორიული ქართლი გეოგრაფიული მდებარეობისა და უმთავრესი მდინარის მტკვრის დინების მიხედვით სამ ნაწილად იყო გაყოფილი:
- ზემო ქართლი- მხარე მტკვრის ზემო დინებაზე. მასში შედიოდა ტაო, კლარჯეთი, კოლა, არტაანი, შავშეთი, სამცხე, ჯავახეთი, თორი. ტერმინი შეესაბამება გვიანდელი ხანის “მესხეთს”.
- შიდა ქართლი - მხარე მტკვრის შუა დინებაზე, ცენტრით ქალაქ გორში. მხარის ჩრდილოეთ ნაწილში საბჭოთა ხელისუფლების წლებში შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.
- ქვემო ქართლი - მხარე მტკვრის ქვემო დინებაზე, ცენტრით ქალაქ რუსთავში. იგი მოიცავს ისტორიულ მხარეებს: სკვირეთი, თრიალეთი, სომხითი, საბარათიანო, დბანისხევი და სხვა.
ქართლის ტერიტორია ძვ.წ. IV საუკუნიდან ქართლის (იბერიის) სამეფოში შედიოდა, რომლის დედაქალაქი ჯერ მცხეთა იყო, შემდეგ თბილისი. X საუკუნეში იგი გაერთიანებული ქართული სახელმწიფო ცენტრი გახდა. XV-XVIII საუკუნეებში აქ ჩამოყალიბდა ქართლის სამეფო (მოგვიანებით, ქართლ-კახეთის სამეფო), რომელიც 1801 წელს ინკორპორირებულ იქნა რუსეთის იმპერიის მიერ.
დღევანდელი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური დაყოფით ისტორიული ქართლის ტერიტორია შედის შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთისმხარეებში.
Комментариев нет:
Отправить комментарий